შიდა ქართლი. საზოგადოება „ბილიკი" ახალ პროექტს ახორციელებს. „ერთობა", რომლის მიზანი მოზარდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობაა.
„პროექტის განხორციელებით ხელს შევუწყობთ მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების შესახებ, როგორიცაა ჯანდაცვისა და განათლების უფლება. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას", განმარტავს „ბილიკის" პროგრამების მენეჯერი ლია გორელიშვილი.
დასახული მიზნების განსახორციელებლად, პროექტის ფარგლებში ტრეინინგ-კურსებია გათვალისწინებული. როგორც გორელიშვილი ამბობს, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ტრენინგები შემდეგ თემებზე ჩაუტარდებათ: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება, სასიცოცხლო უნარები, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები.
„პროექტის ფარგლებში მოზარდები ექპერტებსაც შეხვდებიან, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე ინფორმაცია ადრეულ ასაკშივე მიიღონ,"- ამბობს გორელიშვილი.
მისივე თქმით, გადამდებ ინფექციურ დაავადებებზე სასაუბროდ, დაგეგმილია შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელთან; ხოლო აზარტული თამაშებსა და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სასაუბროდ ფსიქოლოგის მოწვევა იგეგმება.
საზოგადოება „ბილიკი" პროექტს „ერთობა", საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.