სამეგრელო. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (სი–ეს–აი) დღეს,
15 ნოემბერს, ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში, პროგრამის
– „სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები" –
5 წლიანი შედეგები შეაჯამა.
პროექტის მენეჯერის
ია გაბუნიას თქმით, პროექტი სამეგრელოსა და აჭარაში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის"
ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისივე თქმით, პროექტის მთავარი ამოცანა იყო სოფლად
მაცხოვრებელი უკიდეურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების საარსებო პირობების გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში, 150 ოჯახს დაურიგდა საწარმოო კაპიტალის სახით ყველა საჭირო საშუალება
წარმოების დასაწყებად.
„თავდაპირველად
ფერმერთა ჯგუფებს უფინანსდებოდათ საწარმოო კაპიტალის 100%, ყოველ წელს კი, ჩვენი მონაწილეობა
25%–ით მცირდებოდა. ხუთი წლის ბოლოს ბენეფიციარებს მიეცათ საშუალევბა, რომ მთლიანად
დაეფინანსებინათ საკუთარი მეურნეობები", – განაცხადა ია გაბუნიამ.
შეხვედრაზე გაიმართა
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლები.