en
ge

პარლამენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობების ფორმა და შინაარსი

იმერეთი. 14 ნომებერს,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ორგანიზებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მას ესწრებოდა სხვადასხვა სფეროში მომუშავე 60–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის ურთიერთობის საკითხების განხილვა და მსჯელობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პარლამენტი მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს, მოუსმინოს კვალიფიციურ რეკომენდაციებს, რომელსაც სამოქალაქო სექტორი შესთავაზებს სხვადასხვა სფეროში. „ველით თქვენს ინიციატივებს ნებისმიერ თემაზე – ყველა თქვენგანის სიტყვა იქნება ჩაწერილი, გაანალიზებული და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ეფექტური კომუნიკაციისთვის საპარლამენტო ყველა კომიტეტში გამოიყოფა კონკრეტული თანამშრომელი, რომელიც იქნება საკონტაქტო პირი იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ვისაც ექნება ინტერესი და რეკომენდაციები შესაბამისი დარგობრივი მიმართულებებით. ამგვარად უფრო მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება საშუალება, ერთ ან რამდენიმე კომიტეტთან ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობა და მას მიაწოდოს რეკომენდაციები, კრიტიკული მოსაზრებები, ინიციატივები, კვლევები და ა.შ.
„აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ნაწილში პარლამენტს სჭირდება სერიოზული დახმარება თქვენგან. ... ყველა, ვისაც აქვს რჩევის საშუალება და სურვილი, არის მრჩეველი და ყველას, ვისაც იდეა აქვს, შეუძლია მოიტანოს ეს იდეა პარლამენტში. შემდეგ კი, თავისუფალმა კონკურენციამ უნდა გაცხრილოს იდეები" – განაცხადება დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობის ფორმებისა და მექანიზმების ძიების გარდა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის მუშაობაზე გარკვეული შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც გამოთქვეს. მაგალითად, გაზეთ „რეზონანსის" რედაქტორისა და პრესის ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა ტუღუშის აზრით, ისეთი საკითხები, რომლებზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, უფრო მეტი საჯაროობის პირობებში უნდა იყოს განხილული,  ტუღუშმა მაგალითად ტელეკომპნია „პიკის" ეპიზოდი მოიყვანა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პარალმენტის მუშაობის ტემპზეც, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ ხაზი გასუვა იმას, რომ პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფი ჯერ კიდევ შექმნილი არ არის. ასევე, შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა ისაუბრა პატიმრების, მათ შორის პოლიტპატიმრების სტატუსის დადგენის საკითხზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა კი წინა მოწვევის პარლამენტთან ურთიერთობის ხარვეზები გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ იგივე პრეცენდეტები ამჯერად არ იქნება დაშვებული. 
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თავმჯდომარემ ვაჟა სალამაძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც პარლამენტმა შესთავაზა სამოქალაქო სექტორს აბსოლუტურად მისაღებია. მისი თქმით, ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, ეს ფორმატი გარკვეულწილად მოექცეს ინსტიტუციურ ჩარჩოებში, გამყარდეს კონკრეტული ნორმატიული აქტებით ან შეირჩეს ისეთი ფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს ურთიერთობა აღარ იყოს დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე, ან პირად ნაცნობობაზე. დღეს ის ფორმატი, რომელიც პარლამენტმა შემოგვთავაზა არის პარლამენტის კეთილი ნება,  გთავაზობთ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დოკუმენტს ამ ურთიერთობის ფორმალიზებისთვის, აღნიშნა ვაჟა სალამაძემ.
საპარლამენტო კომიტეტებში საკონტაქტო პირების ვინაობა მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი, შესაბამისად საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და ქვეყნის მთავარ საკონონმდებლო ორგანოს შორის სხვადასხვა ფორმის და შინაარსის ურთიერთობები სტარტს შემდეგი კვირიდან აიღებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)