შიდა ქართლი. საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია Nonviolent Peaceforce, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" და „რეაბილიტაციის და განვითარების ცენტრი ერგნეთი" ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „სათემო ინიციატივის ჯგუფები". პროექტის მიზანია შიდა ქართლის ადმინისტრაციულ-გამყოფ ზოლთან მდებარე თემთა მობილიზაცია, ადამიანის უსაფრთხოების საჭიროებების გამოვლენა და საპასუხო მექანიზმების ადგილობრივ დონეზე შემუშავება.
პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სოფელ მერეთში, სადაც ასეთი საინიციატივო ჯგუფი ფუნქციონირებს. მერეთის სათემო ინიციატივების ჯგუფი აერთიანებს წარმომადგენლებს შემდეგი სოფლებიდან: მერეთიდან, კარბიდან, კოშკადან, გუგუტიანთკარიდან და ზარდიანთკარიდან. ჯგუფის კოორდინირებას ახორციელებს „რეაბილიტაციის და განვითარების ცენტრი ერგნეთი".
ამ ჯგუფმა უნდა გამოკვეთოს უმთავრესი პრობლემები და დონორებთან დაიწყოს თანამშრომლობა.
ამჟამად პრობლემები უკვე გამოკვეთილია: კონფლიქტის ზონის სოფლებს ყველაზე მეტად სარწყავი და სასმელი წყლის, სასოფლო ტექნიკის სიმცირის, შხამ-ქიმიკატების და მიგრაციის პრობლემები აწუხებს.
საინიციატივო ჯგუფები კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებშიც იქმნება.