თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტმა (IDFI) განახორციელა პროექტი „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა", რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა.
კვლევის ფარგლებში ავტორებმა იკვლიეს ქართული საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ რესურსებზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის შინაარსი და მათი განთავსების ფორმა. ამავდროულად, პროექტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლაზე. ამისთვის კვლევის ავტორებმა შეარჩიეს ქართული საჯარო უწყებების უცხოური ანალოგები. აქცენტი ამ მხრივ გაკეთდა საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებზე: ამერიკის შეერთებული შტატებზე, დიდ ბრიტანეთზე/შოტლანდისა და ესტონეთზე.
საერთაშორისო პრაქტიკის კვლევისას გამოიკვეთა თანამედროვე ტენდენცია, რომ სამთავრობო უწყებები საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომს ხდიან საზოგადოებისთვის საინტერესო მონაცემებს. კვლევის შედეგად ასევე იკვეთება, რომ თითქმის ყველა უწყების შემთხვევაში ოფიციალურ ვებ-გვერდზე მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ინფორმაციის არსებობა, როგორიცაა დეტალური ინფორმაცია ხელმძღვანელობის შესახებ; საერთო საკონტაქტო ინფორმაცია; ორგანოს სტრუქტურისა და საქმიანობის წესის აღწერა; სტრატეგიული გეგმები და სამოქმედო გეგმები; პროექტები და პროგრამები; საქმიანობის კვარტალური და წლიური ანგარიშები; სამართლებრივი აქტები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამოთხოვის პროცედურების დეტალური აღწერა და ა.შ.
პროექტი განხორციელდა აშშ–ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” მხარდაჭერით.
წყარო: idfi.ge