სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის პროგრამის ფარგლებში ტრენინგები დაასრულა. სატრენინგო კურსი, ანუ პირველი მოდული – სისტემურ ცვლილებებს მოიცავდა. კონკურსის საფუძველზე შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში გაეცნენ სისტემური ცვლილების კონცეფციას, სისტემასა და სისტემურ ცვლილებას შორის განსხვავება გაანალიზეს.
თეორიული ინფორმაციისა და პრაქტიკული მაგალითების დახმარებით მათ სისტემის კომპლექსურობა გაიაზრეს. ტრენინგის განმავლობაში ჯგუფებმა იმუშავეს პროექტის დიზაინზეც: შეარჩიეს პრობლემა, რომელიც სიღრმისეულად გააანალიზეს. ტრენინგის შედეგად მონაწილეებს სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით შეუძლიათ განსაზღვრონ როგორ უნდა დაგეგმონ და განხორციელონ პროექტი.
„შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის" პროგრამა შემუშავებულია მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით და აგებულია თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების საფუძველზე. 2015 წლის განმავლობაში იგეგმება კიდევ ოთხი მოდულის ფარგლებში ტრენინგების გამართვა, იგი მოიცავს: ცვლილების ინდიკატორებს; პროექტის მართვის ციკლს; მონიტორინგის და შეფასების სისტემას და მონაწილეობით ფასილიტაციას.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი „შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის" პროგრამას გერმანული ფონდის „Bread for the World"-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.