შიდა ქართლი. 25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ხაშურის მე-9 სკოლის სამოქალაქო კლუბში მოსწავლეებმა მოიწვიეს სტუმარი – შიდა ქართლის გენდერული თანასწორობის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნინო სუხიაშვილი. მან ისაუბრა ქალთა ძალადობასა და მისი აღკვეთის მიზნით განსაზღვრულ კანონმდებლობაზე, განიხილა ოჯახური ძალადობის სტატისტიკა და გაეროს დოკუმენტები.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ხშირ შემთხვევაში, ქალები და ბავშვები არიან, ხოლო მოძალადეები – მამაკაცები. თუმცა, როგორც ქალბატონმა ნინომ განაცხადა, ოჯახური ძალადობის ობიექტი შეიძლება ხანდაზმული მშობელი ან მამაკაციც გახდეს. მისი თქმით, გარდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, რომელიც ზრუნავს ქალთა უფლებების დაცვაზე, სახალხო დამცველიც უფლებამოსილია განიხილოს ეს საკითხები და დაიცვას ქალთა უფლებები.
სტუმარმა სამოქალაქო კლუბს საჩუქარიც გადასცა - ქალთა უფლებათა დეკლარაცია.