თბილისი. „სამართლიანი არჩევნები" მარტვილის გამგეობაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოხატავს შეშფოთებას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განხორციელებული ქმედებების თაობაზე. „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 26 ნოემბერს გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ. „აქციამ კანონსაწინააღმდეგო ფორმა მიიღო მაშინ, როდესაც მოქალაქეები გამგეობის შენობაში შეიჭრნენ, რამაც გამგეობის მუშაობის პარალიზება, ხოლო ინვენტარის ნაწილის დაზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა შენობა პოლიციის ჩარევის შემდეგ დატოვეს. ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ახდენენ გამგეობის შენობის შესასვლელის ბლოკირებას", – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში