შიდა ქართლი. 11 ივნისს გორში პროგრამის - „მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას - პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შემაჯამებელ ღონისძიებაზე სასკოლო პროექტების პრეზენტაციებით წარსდგნენ სურამის #2 საჯარო სკოლის, კასპის სკოლა-გიმნაზიის და ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მცირე გრანტის პროექტების შესახებ ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის და ხაშურის დ. ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა. რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ ისაუბრა სამოქალაქო განათლების რეგიონალურმა კოორდინატორმა. მოსწავლეებმა ისაუბრეს სტაჟირების პროგრამაზე, ნაჩვენები იქნა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მედია სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული ფილმი. შეხვედრის დასასრულს საოფისე ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ სერთიფიკატები. ხოლო პროექტის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის საზოგადოებამ „ბილიკი" მადლობის სიგელები გადასცა შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
„მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - საზოგადოება „ბილიკი".