შიდა ქართლი. 19 ივნისს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დარბაზში გაიმართა მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ კანონის პროექტის განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განხილვა წარმართა „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" დირექტორმა კონსტანტინე კანდელაკმა. მან მოკლედ მიმოიხილა არსებული საკანონმდებლო ბაზა, მისი დადებითი და უარყოფითი მომენტები და წარმოადგინა ინიციატივები, რომელთა კანონში შეტანით უფრო გააქტიურდებოდა მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესი თვითმმართველობის განხორციელებაში. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება დასახლებების კრებების ჩატარებასა და მათი უფლებამოსილებებზე და პეტიციების მომზადებაზე.
განხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია შეხვედრაზე დამსწრეთა შორის და 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური განხილვები.
შეხვედრა გაიმართა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.