თბილისი. 28 ივლისს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" (GDI) ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში წარადგინა ანგარიში ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I და II თავების შესრულებასთან დაკავშირებით. ანგარიშში რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით შეფასდა პასუხისმგებელი უწყებების მიერ 2014 წლის ივლისიდან 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული საქმიანობები. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები.
„მაგალითისთვის პოზიტიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ დაზარალებულის უფლებების განმტკიცება სისხლის სამართლის პროცესში, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირება, „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში საკვალიფიკაციო პალატა ჩამოყალიბდა და სხვა. თუმცა, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" უარყოფითად აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მიერ მომზადებულ შუალედურ თუ საბოლოო ანგარიშში პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოჩენის ფაქტს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე...
წყარო: gdi.ge