თბილისი. მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის უფლებების დაცვა წარმოადგენს და მიგვაჩნია, რომ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა.
წლევანდელი მშვიდობის დღის თემა „პარტნიორობა მშვიდობისთვის - ღირსება ყველას", მიზნად ისახავს მშვიდობის მშენებლობაში იმ მნიშვნელოვანი წვლილის აღიარებას, რომელიც სხვადასხვა სექტორსა თუ ჯგუფს შორის თანამშრომლობას მოაქვს. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა წელს ხაზი გაუსვა მშვიდობის მიღწევაში ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობას", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge