თბილისი. ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართავს. ფონდი მოუწოდებს საპატრულო პოლიციას და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყოს ინტენსიური მოძრაობის სავალი ნაწილის სიახლოვეს განლაგებული ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი დაწესებულებების წინ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კანონის აღსრულება.
„ბოლო 6 თვის მანძილზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 41%-ით მოიმატა. 2015 წლის იანვარი-ივნისის განმავლობაში სულ 2,869 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც 4,130 ადამიანი დაშავდა, ხოლო გარდაიცვალა _ 284. დაშავებული ქვეითების 29% მოზარდია. სამწუხაროდ, საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავდა 402 ბავშვი, ხოლო დაღუპულთა შორის 0-16 წლამდე 18 ბავშვია. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებებულების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.. სამწუხაროდ, ამგვარი შემთხვევების უმეტესობა ფატალურად და მძიმე ტრავმებით სრულდება. საგანგაშოა ბავშვების, ახალგაზრდების ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მაგალითად, 15 სექტემბერს სოფელ ჭანდარში მესამე კლასის მოსწავლეს ავტომობილი შეეჯახა და მძიმედ დაშავდა. საქართველოში არსებული ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი დაწესებულებების ნაწილი უშუალოდ განლაგებულია ინტენსიური მოძრაობის გზებზე, სადაც სხვადასხვა ტიპის ავტოტრანსპორტი მაღალი სიჩქარით უშუალოდ ქვეითების სიახლოვეს გადაადგილდება, რაც კიდევ უფრო ზრდის ავარიების ალბათობას. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზებია: გადაჭარბებული სიჩქარე, მძღოლებისა და ქვეითების, მათ შორის, ბავშვების მიერ მოძრაობის დროს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების უგულებელყოფა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნები. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ პრობლემური მონაკვეთები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება საქართველოს რეგიონებში, სადაც დახაზული არ არის ე.წ. ზებრა გადასასვლელი, გზებზე დამონტაჟებული არ არის სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო შუქნიშანი, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერებით არ კონტროლდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები. ფონდი ‘’პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’’ მიმართავს საქართველოს განათლების სამინისტროს, საპატრულო პოლიციას და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყოს ინტენსიური მოძრაობის სავალი ნაწილის სიახლოვეს განლაგებული ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი დაწესებულებების წინ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კანონის აღსრულება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ სკოლებში საგზაო უსაფრთხოება გამოაცხადოს პრიორიტეტულ საგნად. თავის მხრივ, ფონდი მზად არის განათლების სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს და უზრუნველყოს მისი მომარაგება ხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო მასალებით, მათ შორის, ბეჭდვითი, ვიზუალური, აუდიო და ვიდეომასალებით”, ნათქვამია ფონდის მიმართვაში.
წყარო: ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"