თბილისი. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, სოციალური ტრანსფორმაცია რეგიონში და გაკვეთილები კავკასიისთვის – ამ საკითხებზე მსჯელობდნენ 30 მაისს „ევროპის სახლში". დისკუსიას მოდერაციას უწევდა პოლიტიკის მკვლევარი და პროგრამის ხელმძღვანელი ევროპის პოლიტიკის ცენტრიდან, ამანდა პოლი.
„ევროკავშირი სოციალური ტრანსფორმაციის მხოლოდ ნაწილია და იგი საზოგადოების მხრიდან უნდა მოდიოდეს" –აღნიშნა პოლიტიკის მვკლევარმა იანა კობზოვამ, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი სწორედ საზოგადოების ძირეული სოციალური ტრანსფორმაციაა და არა მხოლოდ ევროპაში ინსტიტუციურად ინტეგრაცია. დისკუსიაზე ასევე საუბარი იყო დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ქვეყნის გაძლიერების საქმეში, რასაც მოჰყვა პარლამენტის ქუთაისში გადატანის ხაზგასმა.
დისკუსია ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ევროპის სახლია". ევროპის კვირეულის ფარგლებში მსგავსი დისკუსიები და შეხვედრები 4 ივნისამდე გასტანს.