თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „რუსთავი 2"–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
„...რომლის თანახმადაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ს დაენიშნა დროებითი მმართველი, ხოლო მენეჯმენტის მოქმედ წევრებს შეუჩერდათ უფლებამოსილება. ამასთან, „რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დაინიშნენ კონკურენტი ტელეკომპანია „იმედის" ყოფილი ხელმძღვანელი, რევაზ საყევარიშვილი და "რუსთავი 2”-ის წილის ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრე დავით დვალი. ... 4 ნოემბერს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა სასამართლოსგან დამატებითი ღონისძიებების გამოყენება მოითხოვეს, რაც დროებითი მმართველის დანიშვნას გულისხმობდა. მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბერს აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ მოსამართლე მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, ამის შესახებ უნდა მიუთითოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ მსგავსი განჩინების იმავე სასამართლო ინსტანციის მხრიდან მიღება უკანონოა. ...", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge