თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გორში სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის ფაქტს.
„მოშიმშილეებისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 12 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა გაჩერდა, საიდანაც დაახლოებით 15-მდე პოლიციის თანამშრომელი გადმოვიდა და მოშიმშილეებს ნებაყოფლობით დაშლა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც მათ აქციის მონაწილეების უარყოფითი პასუხი მიიღეს, პოლიციელებმა ძალის გამოყენებით აშალეს აქციის მონაწილეების კარავი და ჩამოხსნეს პოლიტიკური გაერთიანების დროშა. საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ კონსტიტუციით აღიარებული მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა და არ მოახდინონ თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების მოტივით, ან სხვა უსაფუძვლო მოტივით, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება, რაზეც საიას არაერთ განცხადებაში აღუნიშნავს", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge