კახეთი. გურჯაანში, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მედია ცენტრ კახეთის" ოფისში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე - მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები და მოვალეობები.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ჟურნალისტები. დამსწრე საზოგადოებამ განიხილა საჯარო სკოლებში არსებული მდგომარება. მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა დისკუსია გამართეს. ,,ჩემი შვილი მეთერთმეტე კლასში სწავლობს. მასწავლებლები ზოგჯერ არაკორექტულნი არიან და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩემი შვილი ვერ დამიყოლიებია და სკოლაში არ წასულა. მიხარია, თუ ბოლოსდაბოლოს გაიმიჯნება უფლებები და ყველა თავის მოვალეობას შეასრულებს", განაცხადა შეხვედრაში მონაწილე ნინო თევდორაძე.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარიკა შანყულაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრა სასარგებლო და მრავლისმომცველი იყო. „მსგავსი ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განათლებას, მათში პასუხისმგებლობის გაღრმავებას საქმისა და სწავლისადმი", დასძინა მან.