თბილისი. 14 დეკემბერს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში „თავისუფლების კლუბის" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მისულ სტუდენტებს გააცნეს კლუბის მისია, მიზნები და დაგეგმილი ღონისძიებები.
„თავისუფლების კლუბის" მთავარი მისია საზოგადოებისთვის თავისუფლების იდეების გაცნობა და მათი პოპულარიზებაა. ამ მიმართულებით კლუბის ორგანიზებით უკვე მოეწყო რამდენიმე საჯარო ლექცია, რომელთაც უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი ლექტორები, ასევე ბანაკები სტუდენტებისთვის ბაზალეთში ინგლისურ და ქართულ ენაზე. საზოგადოებაში ცნობადობისა და ნდობის ამაღლების მიზნით, თავისუფლების კლუბი საკუთარ
ვებ–გვერდზე გთავაზობთ განახლებად ინფორმაციას მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე სიახლეების შესახებ და ამასთანავე ანალიტიკურ სტატიებს საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. კლუბი ასევე გეგმავს სტუდენტური დებატების სერიის მოწყობას, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია.
თავისუფლების კლუბი 2010 წელს დააფუძნეს თავისუფალი უნივერსიტეტის, ESM ბიზნეს სკოლის სტუდენტებმა. კლუბი დღემდე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სივრცეში ფუნქციონირებდა, თუმცა დღეიდან ორგანიზაცია მოქმედების აქტიურ ასპარეზზე გადმოდის და გეგმავს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით, რომელიც დაფარავს ისეთ თემებს, როგორებიცაა საზოგადოება, ეკონომიკა, პოლიტიკა და ადამიანის უფლებები.