თბილისი. პრეზიდენტის 17 დეკემბრის
ბრძანებულებით „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტი" იქმნება.
პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით პროექტის ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კონკურსის წესით შეირჩევა. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით. თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ნინო კალანდაძე. კომისიის წევრები იქნებიან პრეზიდენტის მრჩეველი ვერა ქობალია, ასევე პრეზიდენტის მრჩევლები: ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი და ნატალია ყანჩელი.
საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა.
წყარო: media.ge