თბილისი. სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!" შემავალი ორგანიზაციები გადაცემა „20/30-ში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან.
„საგულისხმოა ისიც, რომ განათლების მინისტრის საუბარში იგრძნობა მისი პიროვნული მხარდაჭერა პეტიციის პათოსის მიმართ, რომელიც „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას" ითხოვს და ასეთებად გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის შემცველი პროგრამა მიაჩნია - „ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი". მაშინ, როდესაც აღნიშნული თემატიკის სასკოლო პროგრამაში მართებული ფორმით ინტეგრირება ხელს შეუწყობდა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებული სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებას, მინისტრის ამგვარი მიდგომა განათლების სისტემის განვითარების ფუნდამენტურად არასწორ ხედვებზე მიუთითებს და მან შესაძლოა არსებითად დააზიანოს თავისუფალი, პლურალური და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობა", ნათქვამი ერთობლივ განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები მინისტრთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამენ.
წყარო: www.isfed.ge