თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ეხმიანება უკანასკნელ პერიოდში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული სიტუაციის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით საიამ 20 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა.
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ისმის გარკვეული წუხილები რეგიონებში თვითმმართველობების (საკრებულო, გამგეობა) ხელმძღვანელი პირების შეცვლასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ცვლილება ბუნებრივად მიმდინარეობს, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცვლილება ხორციელდება გარკვეული ფარული თუ აშკარა ზეწოლის ფონზე. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ახლად დანიშნული თანამდებობის პირები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებიან, რაც, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს და დაძაბავს არსებულ სიტუაციას", ნათქვამია საიას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.