თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" ეხმაურება ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში განსახორციელებელი შესწორებების შესახებ.
„... გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ცვლილებები არ ქმნიდეს განცდას, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული რეფორმა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით არის განპირობებული და მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე ერთგვარ რეაქციას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების ან/და რაიმე ტიპის ცვლილების მიზეზი, არ უნდა გახდეს ის გარემოება, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკმაყოფილოა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით და მის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების შინაარსით", ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge