სამცხე–ჯავახეთი. 21 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ვარხანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ზრუნვა", მცირე გრანტის განხორციელების პროცესში,
ამავე სოფლის თემის რწმუნებულს შეხვდა. შეხვედრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი პრობლემების რწმუნებულისთვის გაცნობა და მათი გადაჭრის გზების ძიება.
კლუბის წევრების მიერ გამოიკითხა 100 ოჯახი. სოფლის მთავარ პრობლემად დასახელდა სასმელი წყლის მიწოდების და შიდა გზების, ასევე სოფლის სასაფლაოს ღობის გამაგრების საკითხები. გადაწყდა, რომ სასმელი წყლისა და შიდა გზების პრობლემის შესახებ კლუბის წევრები მოამზადებენ წერილს, რომელიც განსახილველად გადაეცემა ადიგენის თვითმმართველობას სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებლად.
სოფლის რწმუნებულმა აღნიშნა, რომ წამოჭრილ საკითხზე ითანამშრომლებს ახალგაზრდებთან და ერთობლივი ძალებით მოახერხებენ მის მოგვარებას.