აჭარა. 5 აპრილს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა არასამთავრობოებს საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის პროექტი( სამუშაო დოკუმენტი) გააცნო. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, განიხილება თვითმმართველობების თითო, არქიტექტურული საბჭოს ორი და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთი წევრის ძეგლთა დაცვის საბჭოში შეყვანის საკითხი. სააგენტო მუშაობს კრიტერიუმების დადგენაზეც, რომლის მიხედვითაც საბჭოს დააკომპლექტებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის საბჭოში შეყვანის წინააღმდეგნი არიან. მათი თქმით, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება სურს ინვესტიციის მოსაზიდად და ის ძეგლების დაცვის მიმართულებით ვერ იმუშავებს. შეხვედრაზე რამდენჯერმე ახსენეს მოქმედი საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ ეჭვი, რომ ცვლილებები მისი საბჭოდან გაშვების ინტერესებს უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ცვლილებების პროექტზე შეფასებებს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც დოკუმენტს გაეცნობიან.