თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების თაობაზე.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება სექსუალური შევიწროვების თემის სამართლებრივ ასპექტებზე. საიას მიაჩნია, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება არის ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმა, რაც ქალებს აყენებს მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებასა და შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებას.
ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას სჩადიან. ქმედება უნდა ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, შევიწროება სამუშაო ადგილას ხდება თუ მის გარეთ.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს, უსწრაფეს ვადებში მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და კონვენციის მოთხოვნების თანახმად სექსუალური შევიწროება გახადოს დასჯადი ქმედება. ამგვარი მუხლის ძალაში შესვლამდე სასამართლომ მიიჩნიოს სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: gyla.ge