თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" განცხადებას ავრცელებს.
„მისასალმებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლების სურვილია საარჩევნო კამპანია დაიწყოს უფრო ადრე, ვიდრე კამპანიის გამოცხადებისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადებია. თუმცა, მიზანშეწონილია, აღნიშნული თაობაზე გადაწყვეტილება საარჩევნო ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით მოხდეს. კამპანიის დაწყების თარიღის გამოცხადებისთვის გასათვალისწინებელია მრავალი გარემოება, მათ შორის, როგორც ტექნიკური მზაობა საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობების და სხვა ჩართული მხარეებისა შესაბამისი ვალდებულებების დაუბრკოლებლად და თავისუფლად განსახორციელებლად, ასევე, ქვეყნისთვის ხანგრძლივი პოლიტიკური კამპანიის ეფექტი მწვავე რიტორიკისა და მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge