თბილისი. 19 აპრილს, სასტუმრო ამბასადორში, გაიმართა „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" პროგრამის (GARF-RD) დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება.
მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით განხორცილებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის წარმოება.
აღნიშნულ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით, 2014 წლის მაისში, საქართველოში ევროკომისიის მისიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) დაიწყო რეგიონული განვითარების პროგრამის განხორციელება (2014-2016 წწ.) - „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" (GARF - RD).
პროექტი მიზნად ისახავდა:
1.საქართველოში მოქმედი ანალიტიკური ცენტრების მხარდაჭერას რეგიონული განვითარების კონკრეტული სფეროების საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადების პროცესში;
2.რეგიონული განვითარების სფეროში მომუშავე ანალიტიკური ცენტრების ურთიერთდაკავშირებას და შემუშავებული ხედვების ხელისუფლებასთან განხილვას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა 10 საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი ორი მიმართულებით: ა) რეგიონული პოლიტიკის მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონების კონკურენტუნარიანობა; ბ) პოლიტიკების ტერიტორიული ზეგავლენის ანალიზი.
დასკვნით შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, პროექტის კოორდინატორი ევროკავშირის მხრიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ექსპერტები რეგიონული განვითარების და თვითმმართველობის საკითხებში, ანალიტიკური ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები.