თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართეს TSpress-ის წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ 2016 წლის 5 აპრილს, ფოთის მერის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაზე მოსახლეობასთან, TSpress-ის ჟურნალისტი და ოპერატორი არ შეუშვეს.
„საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია საჯარო დაწესებულებების ღიაობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა მსურველისათვის. მსგავსი ფაქტები ლახავს მედიის უფლებებს და უარყოფითად აისახება მის სამუშაო გარემოზე.
საია მოუწოდებს ყველა ადგილობრივი და ცენტრალური საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს ღიაობისაკენ და მოუწოდებს მათ არ შეუზღუდონ მოქალაქეების მიერ ინფორმაციის მიღებისა და ინფორმაციის გავრცელების კონსტიტუციური უფლებები", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge