აჭარა. ბრიტანეთის სამეფო გვარის წარმომადგენელმა, მისმა უდიდებულესობა პრინცესა ანამ, ბუნების კონსერვაციის საზოგადოების – SABUKO-ს დამაარსებელსა და დირექტორს, ალექსანდრე რუხაიას პროექტის დასაფინანსებლად უიტლის ფონდის 35,000 სტერლინგის ოდენობის ჯილდო გადასცა. რუხაია გამარჯვებულ 7 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის მოხვდა, აღნიშნული ჯილდო კი ბუნების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე რთულად მოსაპოვებელ და პატივსაცემ ჯილდოდ ითვლება. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც ლონდონში გაიმართა, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი ესწრებოდა. მისი განცხადებით, აღნიშნული ჯილდო არა მხოლოდ რუხაიასთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის საქართველოში გადამფრენი მტაცებელი ფრინველებისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით. როგორც რუხაიამ „კვირასთან" საუბრისას განაცხადა, მისი ორგანიზაცია ინფორმაციას ავრცელებს ნადირობის თაობაზე არსებული შეზღუდვების შესახებ, ასევე ეწევა საგანმანათლებლო მუშაობას და ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას ფრინველებზე დაკვირვებისათვის ტურიზმის განვითარებაში. მისივე განმარტებით, 2010 წლიდან მისმა ორგანიზაციამ მოკლული ფრინველების რაოდენობის 80%-ით შემცირება შეძლო, მოპოვებული დაფინანსებით იგი პროექტისთვის უფრო ფართო მასშტაბის შეძენას შეეცდება.