აჭარა. 14 მაისს, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა - „ორი სახე" გაიხსნა. გამოფენის ავტორები ქართველი და ლიტველი ხელოვანები - თამარ ბოჭორიშვილი და რაიმონდა სერეკეიტე არიან. აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროექტის განხორციელებამდე, ორი ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს არ იცნობდა. ორივე ავტორი ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ისინი მიზნად არ ისახავენ კონკრეტული განცხადებისა თუ დეკლარაციის მტკიცებას, მხოლოდ კითხვებს სვამენ და რეაგირებენ. მათი ნამუშევრები აერთიანებს რამდენიმე მედიას, რის საშუალებითაც ქმნიან სხვადასხვა ტიპის ობიექტებსა და ინსტალაციებს. სივრცის ორიგინალური და ინდივიდუალური ათვისების მეთოდით, მაყურებელს საშუალებას აძლევენ საკუთარი სამყაროს პრიზმიდან დაინახონ გარე სამყარო და მოვლენები. მათი იდეები თანამედროვე ხელოვნების სივრცის თავისუფალი პროექტების ფარგლებში განხორციელდა. გამოფენა 4 ივნისამდე გაგრძელდება.