სამეგრელო. ზუგდიდში მოქმედმა „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფმა", 10 იანვარს, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების
პრეზენტაცია გამართა და რეკომენდაციის სახით, ადგილობრივ თვითმმართველობას შესთავაზა.
დებულების პრეზენტაციისას, რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და გამგეობის, საკრებულოს, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დავით ლოგუამ განაცხადა, რომ დებულების მიხედვით, საკონკურსო– საატესტაციო კომისიის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო მოხელეც. „მაგრამ, რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, მას ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დებულებაში არ არის განსაზღვრული კომისიის წევრთა რაოდენობა, რაც ჯერ კიდევ განხილვის საგანი იქნება".
დებულების ძირითადი პრინციპები გაიზიარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ და საკრებულოს წევრმა ნუგზარ სარიამ. მათი განცხადებით, საკონკურსო
კომისიის შექმნის შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო
ცვლილებებზე საზოგადოებაში ნაკლებად გაჩნდება კითხვები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა არჩევის, დანიშვნის საჯაროობის და გამჭვირვალების უზრუნველყოფის, ასევე თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის დაკვირვების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფი გასულის წლის, 24 დეკემბერს ჩამოყალიბდა.