თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ იმ ვიდეომასალის გავრცელება, სადაც ფარულად არის აღბეჭდილი სექსუალური
უმცირესობის წარმომადგენლების პირადი ცხოვრება. ეს კადრები მედიასაშუალებებს 14 იანვარს მთავარმა პროკურატურამ გადასცა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიის წარმომადგენლებს ქარტიის მე–7 მუხლს ახსენებს, „რომლის თანახმად, ჟურნალისტს
უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი
პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური
და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე
ან რაიმე სხვა ნიშნით".
ამასთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ფარულად გადაღებული
მასალების გასაჯაროების საკითხს, მით უფრო თუ ვიდეომასალა შეიცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას.