იმერეთი. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსმა" ინფორმაციული შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილეს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების საკითხები, თუ რას ნიშნავს მეორადი მოწევა, როგორ უნდა დავიცვათ ადამიანები მეორადი კვამლისგან, ასევე საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულების საკითხები.
„მზარდი სტატისტიკა გვაქვს – საქართველოში ახალგაზრდა გოგონებში თამბაქოს მოხმარება ბოლო 7 წლის განმავლობაში დაახლოებით ორნახევარჯერ გაიზარდა. დაახლოებით ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. დღეს საქართველოს 40% თამბაქოს მომხმარებელია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ამ კუთხით. შევქმენით საკანონმდებლო ბაზა, თუმცა ამ კანონის აღსრულების კუთხით სერიოზული წინააღმდეგობები გვაქვს. ამ შემთხვევაში კანონის აღსრულებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს თამბაქოს ინდუსტრია. სახელმწიფო ორგანოებს ევალებათ განახორციელონ თამბაქოს მოწევის აკრძალვის ადმინისტრირება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არამხოლოდ პოლიციამ აკონტროლოს თამბაქოს მოხმარების წესები, არამედ ეს გადანაწილდეს სხვა ორგანიზაციებზეც. ჩვენი მოთხოვნაა ასევე თამბაქოს რეკლამის სრული აკრძალვა", განაცხადა ორგანიზაციის „საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.
შეხვედრაში მონაწილეობას სკოლიის მოსწავლეები, სტუდენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.