თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს, სადაც აცხადებს, რომ აჭარაში მიწის მესაკუთრეებს პოლიციამ საპროტესტო აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
„პოლიციელებმა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა (მოგვიანებით მოქალაქეებს უთხრეს, რომ ისინიც შსს-ს წარმოადგენდნენ) მოქალაქეებს, რომლებიც გონიოში მიწების საკუთრებასთან დაკავშირებით აქციას ჯერ ბათუმის საკრებულოსთან, შემდეგ აჭარის მთავრობასთან მართავდნენ, კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს, ჩამოართვეს ლეიბები, რომელთა გაფენასაც მოქალაქეები გაზონზე აპირებდნენ, ერთი მოქალაქე კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციამ აქციის მონაწილე კიდევ ორი პირი დააკავა აქციის ადგილზე კარვების გაშლის მცდელობისთვის. პარალელურად, პოლიციამ ბათუმის საკრებულოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარავიც დაშალა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა პოლიციელების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.
წყარო: www.transparency.ge