თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სასამართლოში გაასაჩივრა „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის" ის ნორმა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარებას ითვალისწინებს. ორგანიზაციამ, ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის მოქმედების შეჩერება.
„საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარების პრობლემურობა კიდევ ერთხელ აჩვენა მიმდინარე კონკურსმა, რომლის დროსაც 2016 წლის ივნისში მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან დაიხურა გასაუბრება. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭო მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არ არის ვალდებული განმარტოს ან/და დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე დაკვირვება შერჩევის პროცესის მონიტორინგის პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობაა. გასაუბრების დახურვის და ამ შესაძლებლობის გამორიცხვის პირობებში კი, მოსამართლეთა დანიშვნის უმნიშვნელოვანესი პროცესი ყოველგვარი გარე ზედამხედველობის გარეშე არის დარჩენილი," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge