თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო საქართველოში აქვეყნებს ნანა დიხამინჯიას სტატიას: „წვდომა ქალის სხეულზე - პროსტიტუციის კანონიერი და უკანონო ჩარჩოები".
„პასუხი იმაზე, შეიძლება თუ არა და საჭიროა თუ არა, სრულიად აღიკვეთოს პროსტიტუცია, ჯერ არ არსებობს. მაგრამ მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ინდუსტრიის მოცულობა, ცალსახაა, ვინაიდან ბოლო 15 წლის გამოცდილებით, სექსინდუსტრიის ლეგალიზაციასთან ერთად რამდენიმეჯერ იზრდება ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმულ მსხვერპლთა რაოდენობა, ისევე როგორც არასრულწლოვანთა პროსტიტუცია. ჯერჯერობით მხოლოდ სკანდინავიური მოდელია ყველაზე ქმედითი ინდუსტრიის მოცულობის შემცირების თვალსაზრისით. კვლევებიც და განხილვებიც გრძელდება და განვითარებულ ქვეყნებში ახლო მომავალში ალბათ უკეთეს მოდელებსაც ვიხილავთ, რომელიც სექსმუშაკის უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს, კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელიდან გამოაცლის სექსინდუსტრიას და პროსტიტუციაში ჩაბმას მხოლოდ პირად არჩევანზე დაიყვანს. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იქნებ სრულიად სხვაგვარადაც მოხდეს პროსტიტუციის გადააზრება, ცვლილება ან სრული უარყოფა. მანამდე იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოშიც დაიწყება და დაახლოებით 15000 სექსმუშაკი არ დარჩება მშრალი, უმოქმედო კანონის ანაბარა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის იმედად, ქუჩის ძალადობრივ სისტემაში," ნათქვამია სტატიაში.
წყარო: www.feminism-boell.org