თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს.
მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სახით მართლმსაჯულების საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელსაც საფუძველი 1998 წლის 17 ივლისს, რომის სტატუტის მიღებით ჩაეყარა, საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. საერთაშორისო დანაშაულების - გენოციდის, ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების - ჩამდენი პირები, მიუხედავად მათი თანამდებობრივი სტატუსისა, არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები და ამ მიზნის მიღწევა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით არის შესაძლებელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს სოლიდარობას ამ უმძიმესი დანაშაულების მსხვერპლთა მიმართ. მათ შორის არიან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ასობით პირი. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ჰააგის სასამართლომ მიმდინარე წელს აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ნებართვა მისცა პროკურორს; იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ გამოძიების მეშვეობით, შესაძლებელი გახდება სიმართლის დადგენა, დამნაშავეთა იდენტიფიცირება და გასამართლება, და მსხვერპლთა უფლებების აღდგენა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge