თბილისი. პლატფორმა „არა ფობიას" განცხადებას ავრცელებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„ვთვლით, რომ რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდისა და სხვა პარტიების მიერ გამოყენებული არგუმენტი, რომ განსახილველი საკონსტიტუციო ცვლილება პრორუსული პოლიტიკური ძალების მხრიდან ჰიპოთეტური პროვოკაციის შესუსტების ინსტრუმენტია, არსებითად უსაფუძვლოა და ამ გზით ის იმეორებს და აწარმოებს სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც აღნიშნული პრორუსული ჯგუფები ატარებენ. მეტიც, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ლგბტ საკითხების უფლებრივი კატეგორიიდან "მორალისა” და "ტრადიციების” კონტექსტში გადატანა და ამ საკითხებით სპეკულირება წინასაარჩევნო პერიოდში ელექტორატის მობილიზაციისათვის, პირველ რიგში, აძლიერებს სწორედ რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ ნარატივს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge