თბილისი. 22 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ეხება 2014 წლის ივლისში კომიტეტის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე.
„ანგარიში მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის თაობაზე როგორც კანონმდებლობაში ასევე პრაქტიკაში არსებული სიტუაციის შეფასებას და ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებს. ანგარიშში შეფასებულია სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში, ასევე ბავშვთა ქორწინების, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმის, წინააღმდეგ. ანგარიში ასევე აანალიზებს ნარკოტიკების მომხმარებელ და სექს-მუშაკ ქალთა მიმართ ძალადობას და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, რაც თანადგომასა და აკესოსთან თანამშრომლობით ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით შეფასდა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge