თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ქვეყანაში ეგზიტპოლი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" მიიჩნევს, რომ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობაზე და გააღრმავებს კითხვებს მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ.
კოალიცია თვლის, რომ საჯარო ფინანსები არ უნდა იხარჯებოდეს არხისთვის ზიანის მომტან ქმედებებზე. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად," ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: qartia.org.ge