თბილისი. 7 სექტემბერს, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა" მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი შეისყიდა.
„ახალი მეჩეთის ასაშენებლად სახელმწიფოსაგან მიწის ნაკვეთის გამოყოფას მუსლიმი თემი 1990-იანი წლებიდან აქტიურად ითხოვს, თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას სათანადოდ არასოდეს შეუფასებია პრობლემის სიმწვავე და მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადაჭრა, წლების განმავლობაში, ხელოვნურ ბარიერებს აწყდებოდა.
საბოლოოდ, მუსლიმმა თემმა საქველმოქმედო შემოწირულობებითა და საკუთარი სახსრებით, ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა. ამ მიზნით დაფუძნებულ, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს" მიწის შეძენასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გაუწია," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: tdi.ge