იმერეთი. 25 იანვარს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქუთაისის თვითმმართველობის საკადრო ოპტიმიზაციის საკითხები განიხილეს.
ქალაქის თვითმმართველობაში თანამშრომელთა დანიშვნა-დაწინაურება, საშტატო რიცხვის ზრდა, ახალი სამსახურების შექმნა - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ. სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრებმა. კოალიციაში ამ დრომდე სულ 7 ორგანიზაციაა გაერთიანებული და მათი მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული დაძაბული ფონის განმუხტვა და თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი. არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენელთა აზრით თვითმმართველობა ვალდებულია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებს. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქუთაისის თვითმმართველობას არ შეუძლია მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ პრობლემებთან დაკავშირებით" - აცხადებს „დედათა და ბავშვთა დაცვის ლიგის" დირექტორი მანანა მანაგაძე.