თბილისი. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გამოხატავს შეშფოთებას 12 ოქტომბერს მომხდარი ფაქტის გამო. ორგანიზაციის იურისტებს დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შეხვედრა აეკრძალათ.
„კერძოდ, დაწესებულების მაცხოვრებელთა განმარტებით, მათი მხრიდან გამოთქმული პროტესტის საპასუხოდ, დაწესებულებათა დირექტორები და თანამშრომლები მათ, იძულების წესით, ათავსებენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ამგვარ არაადამიანურ ქმედებებს აქვს ასევე ბენეფიციარების დაშინებისა და მათი „გაჩუმების" დანიშნულებაც. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხშირად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იზოლირება და მათთან ვიზიტორების დაშვების აკრძალვა, დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის შეზღუდვის მიზანთან, რათა შეუძლებელი იყოს მათი უფლებების ეფექტური დაცვა," ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოუწოდებს „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს" შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com