სამცხე–ჯავახეთი. 26 იანვარს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, მოეწყო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების ლიდერებს შორის.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. პროგრამისა და ჩატარებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა გააცნო. მან ასევე სამოქალაქო კლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტში მცირე გრანტების თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხის მიზნობრივ გამოყენებაზე.
სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის საკუთარი ხედვა გაუზიარეს. ქალაქში პანდუსების არარსებობა, მაწანწალა ძაღლები, დასუფთავება, სურსათის სანიტარიული ნორმების დაუცველობა, უმუშევრობა, არასრულწლოვნებზე სიგარეტისა და სასმელის თავისუფლად გაყიდვა, ტოტალიზატორებსა და პოკერ კლუბებში არასრულწლოვნების შეშვებაზე კონტროლის არარსებობა – სწორედ ეს
პრობლემები წამოიჭრა შეხვედრაზე.
საკრებულოს თავმჯდომარემ შესთავაზა ახალგაზრდებს ამ პრობლემების გადასაჭრელად შეემუშავებინათ პროექტები იმ თანხების ფარგლებში, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ახალგაზრდული ინიციატივების თანადაფინანსების მხარდასაჭერად.