თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს სოფიო დათიშვილის ბლოგპოსტს: „მოძალადე, რომელიც შეიძლება გვერდით გეჯდეს - სექსუალური შევიწროვება მეტროში".
„მარიამი 15 წლის იყო, როცა მეტროში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა რომ დიდი დრო გავიდა, მას დღემდე კარგად ახსოვს ხალხით გადაჭედილ მეტროს ვაგონში, როგორ იგრძნო გვერდით მჯდომი, 30 წლამდე მამაკაცის ხელი მის სხეულზე. დღეს ის იხსენებს, რომ ამ ასაკის გოგოსთვის ეს წარმოუდგენელი შიში და გაურკვევლობის შეგრძნება იყო. მარიამი ჩუმად იჯდა მომდევნო სადგურამდე, სადაც იძულებული გახდა ჩასულიყო. თუმცა იმდენად დიდი იყო სტრესი და შიში, რომ სახლამდე სულ ეგონა, რომ მამაკაცი უკან მიყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს არ მოჰყოლია ფიზიკური დაზიანება ან გაუპატიურება, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა - სექსუალური შევიწროვება, რომელსაც ყოველდღიურად, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ტრანსპორტში არა ერთი გოგონა და ქალი საკუთარ თავზე განიცდის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net