თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა პირის ინტერესებს, რომელმაც 2012 წელს სამხედრო სამსახურში ყოფნისას, მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
„დაზიანების შედეგად, მას დასჭირდა არაერთი სამედიცინო მკურნალობა და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (ზომიერად გამოხატული ფორმით). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაზიანება პირმა ინსტრუქტაჟის ჩამტარებელი ოფიცრის ბრალეული მოქმედების შედეგად მიიღო, თავდაცვის სამინისტრო უარს ეუბნებოდა მკურნალობის ხარჯების, მორალური ზიანის და ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და ასევე ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება", ნათქვამია საიას ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge