თბილისი. რა არეგულირებს ან უნდა არეგულირებდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში. კანონის გარდა, არანაკლებ ეფექტური მექანიზმი ეთიკის კოდექსია, რომელიც განასაზღვრავს ორგანიზაციების მოქმედების ძირითად პრინციპებს, შიდა და გარე ურთიერთობებს, ადგენს ღირებულებებსა და აღსრულების მექანიზმებს. სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სტანდარტებსა და თვითრეგულაციებზე გაიმართა 5 ივნისს დისკუსია „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში".
დისკუსიის მომხსენებელმა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ვაჟა სალამაძემ აღნიშნა, რომ უკვე არსებული ეთიკის კოდექსის უფრო ეფექტურად მუშაობისთვის შესაძლოა შეიცვალოს ამოცანა, მიზანი და შესაბამისად ეთიკის კოდექსიც. დისკუსიაზე იმსჯელეს ეთიკის კოდექსის აღსრულების მექნიზმებზე, დისკუსიაში მონაწილეთა ნაწილი ფიქრობდა, რომ საჭიროა მეტი სითამამე და სიმკაცრე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხევაში და უპრიანია მათი მხილება, ნაწილი კიდევ ფიქრობდა, რომ ეთიკის კოდექსს უფრო მეტად წამახალისებელი ფუნქცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე სადამსჯელო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თვითრეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა და დისკუსიის მონაწილეებს გადასცეს სიემ რიპის კონსენსუსი განვითარების სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტიანობის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ძალისხმევით ითარგმნა.
საბოლოოდ დისკუსიის შედეგად რამდენიმე საკვანძო საკითხი გამოიკვეთა, რომლებზეც მუშაობას სამუშაო ჯგუფები გააგრძელებენ:
• მსგავსი დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს მისი პრაქტიკაში რეალიზება;
• დისკუსიის და კამათის საგანია აღსრულების მექანიზმები;
• ეთიკის კოდექსზე მუშაობა უნდა იყოს მონაწილეობითი;
• უფრო მეტად აქცენტი უნდა გაკეთდეს მოტივაციურ ნაწილზე.
დისკუსიები ხორციელდება პროექტის – „დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის” - ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) – ეგიდით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე სამი დისკუსია გაიმართა „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში". ყოველი დისკუსიის შემდეგ, მასში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან შექმნილი სამუშაო ჯგუფები (სულ ოთხი თემატური ჯგუფი) მუშაობენ პრობლემების ანალიზსა და რეკომენდაციებზე. სულ პროექტის მანძილზე კეთდება ოთხი თემატური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს რეკომენდაციების ნაწილს. პროექტის ბოლოს, ამ ოთხ დოკუმენტზე დაყრდნობით, შემუშავდება ერთიანი ანგარიში, რომელიც განსახილველად წარედგინება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, პრესას და სხვა დაინტერესებულ პირებს.
თვითრეგულირების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე