თბილისი. 6 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელი, სადაც მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი წარმოადგენენ.
„სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები ითხოვდნენ „სახელმწიფო ქონების შესახებ" იმ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრებისა და თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, სარჩელი შეეხებოდა "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 პუნქტის იმ სიტყვების კონსტიტუციურობას, რომლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული რელიგიურ გაერთიანებები (გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა) მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეიძინონ სახელმწიფო ქონება. ასევე, გასაჩივრებულია ამავე კანონის მე-63 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: tdi.ge