სამცხე-ჯავახეთი. სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, სკოლაში მუსლიმი მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი არ დასტურდება, დასკვნა ასევე ამართლებს მოსწავლისთვის დირექტორის მიერ თავსაბურავის ტარების აკრძალვას.
„2 მარტს TDI-ის დამუშავებული სახით (პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით) ჩაბარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხეს საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დასკვნა, რომლის მიხედვითაც „ჩატარებული წარმოების შედეგად დადგენილი გარემოებისა და საქმესთან დაკავშირებული პირების წერილობითი ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებით არ დასტურდება დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი".
მოწოდებულ დოკუმენტში დაფარულია თითქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც სამინისტრომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ასევე, ცალსახად არ წერია, აუკრძალა თუ არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მოსწავლეს თავსაფრის ტარება. ამის მიუხედავად, დასკვნაში წარმოდგენილია მსჯელობა, თუ რატომ არის გამართლებული მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების შეზღუდვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: tdi.ge