თბილისი. საიამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია 6 თებერვალს ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 16 585 427 ლარი გამოიყო. თანხის ნაწილის – 4 973 773 ლარი გამოყოფა ყოფილი პრემიერ–მინისტრის ივანე მერაბიშვილის პრემიერ–მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ხოლო დარჩენილი 11 611 654 ლარის გამოყოფა ბიძინა ივანიშვილის პრემიერ–მინისტრობის პერიოდზე მოდის.
საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნაჩვენებია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების სფეროების მიხედვით განაწილების შესახებ ინფორმაცია.
„საია კიდევ ერთხელ მიუთითებს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმის პრობლემურობაზე, რაც სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფისთვის საჭირო სათანადო სამართლებრივი რეგულაციების არ არსებობაში გამოიხატება და გამოთქვამს მზადყოფნას საკანონმდებლო რეგულირების დახვეწის მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს ყველა შესაბამის უწყებსთან", ნათქვამია ასოციაციის ვებგვერდზე.
წყარო:gyla.ge